logo
ENG



"ფაიზერის" დირექტორი: მომავალში კოვიდვაქცინის გაკეთება ყოველწლიურად მოგვიწევს

03 დეკ 202112:02
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/03/5fc53h95pikwcus.jpg
bbc.com

კომპანია ფაიზერის დირექტორმა, ალბერტ ბურლამ, BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მომავალი მრავალი წლის განმავლობაში ადამიანებს ყოველწლიური კოვიდსაწინააღმდეგო აცრის გაკეთება მოუწევთ.

ალბერტ ბურლას თქმით, ყოველწლიური აცრა დაცვის მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად იქნება საჭირო. გაერთიანებულმა სამეფომ, მომავალი 2 წლის განმავლობაში მოსახლეობის ასაცრელად, ფაიზერის და მოდერნას ვაქცინების დამატებითი 114 მილიონი დოზა უკვე შეიძინა.

კომპანია ახლა კორონავირუსის ახლადგამოვლენილი ომიკრონის ვარიანტის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს, რომელიც 100 დღეში მზად იქნება. ექიმი ბურლას განცხადებით, ფაიზერმა კორონავირუსის დელტა და ბეტა ვარიანტებთან საბრძოლველად წარსულშიც განაახლეს ვაქცინა, თუმცა ამ ახალი ვაქცინის გამოყენება საჭირო არ გამხდარა.

ფაიზერმა ასევე შექმნა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი, რომელმაც ცდებისას სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თითქმის 90%-ით შეამცირა.

ოქტომბრიდან აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) დაადასტურა 5-11 წლის ასაკის ბავშვებში ფაიზერით ვაქცინაციის უსაფრთხოება დაადასტურა. ნოემბერში ამავე ასაკობრივი ჯგუფის ფაიზერის ვაქცინით აცრა დაუშვა ევროკავშირმაც. კომპანია ამჟამად 5 წელს ქვემოთ ბავშვებში ვაქცინაციას აკვირდება.

2021 წელს ფაიზერმა მ-რნმ ვაქცინის დაახლოებით 3 მილიარდი დოზა მიაწოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას. მომავალ წელს კომპანია 4 მილიარდი დოზის დამზადებას გეგმავს.

ექიმი ბურლას თქმით, 2021 წელს მსოფლიოში შეჯიბრი იყო, ვინ მიიღებდა ვაქცინას და დაიცავდა საკუთარ მოქალაქეებს, თუმცა 2022 წელს ყველა ქვეყანას საჭირო რაოდენობის ვაქცინა ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ადამიანთა უმრავლესობისთვის ვაქცინის 1 დოზა მაინც იყო ხელმისაწვდომი.

თუმცა, ბურლა ასევე აღნიშნავს, რომ დაახლოებით 1 თვეში ფაიზერი ვაქცინის ახალ ფორმულას გამოუშვებს, რომლის ჩვეულებრივ მაცივარში შენახვა 3 თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ამ ტიპის ვაქცინა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება აფრიკის ქვეყნებისთვის, სადაც მოსახლეობის უმრავლესობის აუცრელობის მიზეზი ვაქცინის შენახვის პირობებია. 

ინტერვიუს ბოლოს ფაიზერის აღმასრულებელმა დირექტორმა იმ ადამიანებს მიმართა, ვინც ამ დრომდე არ აცრილა.

„მივმართავ მათ, ვისაც უბრალოდ ეშინია. სიყვარულია ერთადერთი ადამიანური ემოცია, რომელიც შიშზე ძლიერია. მე ყოველთვის ვიყენებ ამ არგუმენტს, რომ აცრა მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობაზე კი არა, სხვების და განსაკუთრებით მათ ჯანმრთელობაზეც ახდენს გავლენას, ვინც ყველაზე მეტად გიყვართ, რადგან ეს ის ადამიანები არიან, ვისთანაც გაქვთ ყოველდღიური კონტაქტი. ასე რომ მოიკრიბეთ გამბედაობა, რომ გადალახოთ შიში და გააკეთეთ სწორი რამ“, - განაცხადა ფაიზერის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ. 

***

2 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის 35.2% სრულადაა აცრილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში აცრა სინოფარმის, სინოვაკის და ფაიზერის ვაქცინებითაა შესაძლებელი. ფაიზერით ვაქცინაცია დასაშვებია 12 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 67 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსზე აცრა იცავს სიკვდილისგან. ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდებით, თუმცა, ადამიანი დაცულია დაავადების გართულებისგან. 

ასევე, მასობრივად აცრის შემთხვევაში გაწყდება ვირუსის გადადების ჯაჭვი. 

აცრა უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

ასაცრელად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge-ზე. 

აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც, ასევე, რეგისტრაციაში დაგეხმარებიან იუსტიციის სახლებში. 


close დახურვა